საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორია

ინდიგოს პროექტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორია სენტ გალენის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერების დოქტორის თორნიკე მეტრეველის აკადემიური ზედამხედველობით და ამავე უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით 2021 წელს შეიქმნა. მონაცემთა ბაზა აღწერს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს, თავს უყრის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძრავ ქონებას  და თემატურად ახარისხებს საქართველოს პატრიარქის ეპისტოლეებს. მონაცემები არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ვინაიდან შეზღუდულია ინფორმაციაზე წვდომა.

ეკლესია-მონასტრები

ამ პროექტით საქართველოში პირველად აღიწერა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრები. მონაცემები მოიცავს V საუკუნიდან 2021 წლამდე აშენებულ 3407 ნაგებობას, როგორც მოქმედ ეკლესიებს, ისე უფუნქციოდ დარჩენილ ტაძრებსა თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ბაზაში უფუნქციოდ მონიშნულია ის ნაგებობები, რომლებშიც არ აღევლინება წირვა-ლოცვა ან მსახურება იმართება მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში.

კვლევის დაწყებისას ინფორმაცია გამოვითხოვეთ საქართველოს საპატრიარქოდან, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცენტრალიზებული ბაზა არ არსებობს. ამიტომ ეკლესია-მონასტრების იდენტიფიცირებისთვის გამოვიყენეთ Google-ის რუკა. მონაცემები გადამოწმდა მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ სასულიერო პირებთან თუ სხვა ადამიანებთან სატელეფონო კომუნიკაციით. ჯამში 1335-მა პირმა მოგვაწოდა 3,633 სოფელში არსებული ეკლესიების შესახებ ინფორმაცია. თბილისსა და ქუთაისში მდებარე 88 ეკლესიის შესახებ ცნობები ადგილზე მოვიკვლიეთ. ქალაქ ბათუმში არსებული ეკლესია-მონასტრებზე ინფორმაცია ადგილობრივმა ეპარქიამ მოგვაწოდა. სიღნაღის, მცხეთის, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მდებარე ნაგებობების მონაცემები კი მერიებმა გამოგვიგზავნეს.

ამ გზით მივიღეთ ინფორმაცია იმ ეკლესიებზეც, რომლებიც Google-ის რუკაზე განთავსებული არ არის. მიღებული ინფორმაცია შედარდა კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ბაზასთან, რომელიც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესიებს და მათი აშენების წლებს. ყველა არსებული რესურსის გამოყენების მიუხედავად, შესაძლოა მონაცემები არ იყოს სრულყოფილი, ამიტომ თუ გაქვთ ინფორმაცია იმ ეკლესია-მონასტრების შესახებ, რომლებიც რუკაზე არ არის მოცემული, შეგიძლიათ მოგვაწოდოთ მისამართზე info@indigo.com.ge

უძრავი ქონება

საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა საჯარო რეესტრიდან მიღებულ ოფიციალურ მონაცემებს. კანონმდებლობის თანახმად, საკუთრებით უფლება სწორედ საჯარო რეესტრში რეგისტრირდება. საწყის ბაზად აღებულია 2017 წელს ინდიგოს მიერ გამოქვეყნებული “საპატრიარქოს კაპიტალი”, რომელიც ასევე საჯარო რეესტრის მონაცემებს ეყრდნობა და მოიცავს 2017 წლამდე საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული მიწების შესახებ ინფორმაციას. ამ ბაზაში თავმოყრილი მონაცემები ხელახლა გადამოწმდა, რათა დადგენილიყო გამოქვეყნების შემდეგ ხომ არ შეიცვალა მფლობელი. 2017 წლის შემდეგ დარეგისტრირებული უძრავი ქონების დასადგენად კი გაანალიზდა საპატრიარქოს მიერ რეესტრში წარდგენილი განცხადებები, რის საფუძველზეც დადგინდა ტერიტორიის საკადასტრო კოდები. ამ კოდის მეშვეობით საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ იქნა დოკუმენტები ქონებრივი უფლების დადგენის მიზნით. საპატრიარქოს საკუთრებაში გადაცემული ტყეების შესახებ ინფორმაცია კი ეყრდნობა პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებულებებს. ბაზა მოიცავს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ 1556 მიწის ნაკვეთს.

დემოგრაფიული მონაცემები

დემოგრაფიული მონაცემები აღებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებსაიტიდან, რომელიც მოიცავს ყველაზე ბოლოს, 2014 წელს ჩატარებულ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს.

პატრიარქის ეპისტოლეები

რუკის ნარატიული ნაწილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის მიერ გამოქვეყნებული ეპისტოლეების თემატური კატეგორიზაციაა. თავმოყრილია მისი აღსაყდრებიდან, 1978 წლიდან, 2021 წლამდე გამოცემული ყველა ეპისტოლე. ტექსტები ეყრდნობა საქართველოს საპატრიარქოს ვებსაიტსა და მართლმადიდებლურ ვებსაიტს www.orthodoxy.ge, რომელზეც ქვეყნდება ეპისტოლეები.

პროექტზე საავტორო უფლებები დაცულია ©

___________________________________________

ციტირებისთვის (APA):

მეტრეველი, თ., ბაქრაძე, ნ., ასათიანი, ი., იუსუბოვა, ა., ღოღობერიძე, მ., ბრეგაძე, ნ., ბასილაია, ე. (2021). საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორია. ინდიგო, სენტ გალენის უნივერსიტეტი. http://toc.ge/

ციტირებისთვის (Chicago):

მეტრეველი, თორნიკე. ბაქრაძე, ნინო. ასათიანი, ია. იუსუბოვა, აიდან. ღოღობერიძე, მანანა. ბრეგაძე, ნანუკა. ბასილაია, ეკატერინე. “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორია”. ინდიგო, სენტ გალენის უნივერსიტეტი. 2021, http://toc.ge/

გაგრძელება